სიტყვა ბაროკო (Baroque) ფრანგ. - უსწორმასწორო მარგალიტს ნიშნავს. ეს სტილი დაახლოებით 1600 – იან წლებში ჩაისახა სკულპტურაში, ფერწერაში, ლიტერატურასა თუ მუსიკაში და მთელ ევროპას მოედო. მიმდინარეობა მიისწრაფვოდა ხელოვნების სიდიადისა და მისი უფრო ეფექტური, არასაყოფაცხოვრებო ფორმებისკენ. ამ ფენომენის ფორმირებაზე მსოფლიო კულტურის მრავალმა პლასტმა იქონია გავლენა. ევროპაში უკვე ათწლეულებია დიდი პოპულარობით სარგებლობს ძველი მუსიკის მაქსიმალურად მიახლოვებული მანერითა და შესაბამისი ინსტრუმენტებით (ავთენტური) შესრულება. გარდა ესთეტიკური და ეგზოტიკური დატვირთვისა, ასეთი პერფორმანსები ისტორიული კუთხითაც საინტერესოა, მაგლითად, სხვადასხვა ქვეყნის კომპოზიტორთა მუსიკალური ხერხები და თავისებურებები, ასევე გასაოცარია რეპერტუარის სიუხვე და მრავალფეროვნება. თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა "საქართველოს სინფონიეტამ" კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით 2015 წელს "თბილისის ბაროკო ფესტივალი" დააფუძნა. „საქართველოს სინფონიეტა“ ძველი მუსიკის ერთადერთი აკადემიური ანსამბლია რეგიონში, რომელსაც უკვე არაერთხელ მიუპყრია მსოფლიოს საუკეთესო საკონცერტო დარბაზების ყურადღება.
2020 წლის 20 - 25 ნოემბერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, რიგით მეექვსე „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ დისტანციურ ფორმატში ჩატარდება.
კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით შემუშავებული რეგულაციების გათვალისწინებით, ფესტივალი წელს განსხვავებული ფორმატით გაიმართება და მას მაყურებელი არ დაესწრება. დაგეგმილი კონცერტების მოსმენა შესაძლებელი იქნება როგორც “თბილისის ბაროკო ფესტივალის“, აგრეთვე „საქართველოს სინფონიეტას“ ოფიციალურ გვერდზე და ტელეარხზე „სილქ უნივერსალი“.
20 ნოემბერს ფესტივალს, „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად, გახსნის ქართველი პუბლიკისთვის უკვე კარგად ცნობილი, მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსი, ფაგოტისტი სერჯო აცოლინი. შესრულდება ალბინონის, ვივალდის, ჯემინიანისა და კატანეოს ნაწარმოებები.
ფესტივალის ფარგლებში აგრეთვე დაგეგმილია ონლაინ ლექციები; მსმენელს საშუალება ექნება, მოისმინოს პროფესორების ნოდარ ლადარიასა და დავით გიგინეიშვილისა, ასევე, მხატვარ გია ბუღაძის საინტერესო საუბრები ბაროკოს ეპოქაში სხვადასხვა მიმდინარე პროცესის შესახებ.
22 ნოემბერს გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ წარმოადგენს მარიამ ალექსიძის ონლაინ შემეცნებით ვიდეო-წარმოდგენას - „გიორგი ალექსიძის ნეობაროკო“, სადაც მოგვითხრობს გიორგი ალექსიძისეულ ცეკვის სტილზე, ხოლო დასი წარმოადგენს გიორგი ალექსიძის მიერ ბაროკოს პერიოდის კომპოზიტორების მუსიკაზე დადგმულ კომპოზიციებს.
ფესტივალი 25 ნოემბერს დასრულდება. თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი მსმენელს შესთავაზებს კონცერტს სახელწოდებით „იტალიური კონცერტები“, სადაც სოლისტების რანგში ორკესტრის მუსიკოსები თავად წარდგებიან მსმენელის წინაშე და ვივალდის, კორელის, მარჩელოსა და ჰენდელის ნაწარმოებებს შეასრულებენ.
„თბილისის ბაროკო ფესტივალის“ მხარდამჭერები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქ. თბილისის მერია და იტალიის საელჩო საქართველოში. ფესტივალის ორგანიზატორია თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი
გვიპოვეთ სოციალურ ქსელში
FACEBOOK
YOUTUBE